რეკლამა ინტერნეტში

ონლაინ-რეკლამა  მსოფლიოში საკამოდ პოპულარულია და მისი ბაზარი დღითიდღე იზრდება. საკმაოდ შთამბეჭდავია ის სტატისტიკური და სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ტარდება. რამდენადაა განვითარებული ეს დარგი საქართველოში და რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქართული კომპანიები რეკლამას ინტერნეტით? რასაკვირველია, ქართული ონლაინ რეკლამა ჯერჯერობით ძალიან შორსაა მსოფლიო მასშტაბებისგან, იგი ნაბიჯების გადადგმას მხოლოდ ახლა იწყებს, თუმცაღა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მას განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს და რამდენიმე წელში იგი რეკლამის სხვა სახეების მსგავს პოპულარობას მოიპოვებს, მითუმეტეს, რომ ინტერნეტ რეკლამას სხვა მედია საშუალებებთან შედარებით  უნიკალური ეფექტურობა ახასიათებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის(ITDC) გენერალური დირექტორი მამუკა მონავარდისაშვილი თვლის, რომ ამ მხრივ გამოღვიძება ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ახლა იწყება და ბუმს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ: "ამის წინაპირობა საქართველოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდის ტემპია. რატომაა ინტერნეტ-რეკლამა ასეთი მიმზიდველი და პერსპექტიული? საშუალო სტატისტიკური ინტერნეტ მომხმარებელი საქართველოში 18-25 წლის ასაკის ადამიანია, მისთვის კი ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს არა ტელევიზია და სხვა მედია საშუალებები, არამედ ინტერნეტი  წარმოადგენს. აქ რეკლამის ღირებულება საგრძნობლად დაბალია სხვა მედია საშუალებებთან შედარებით და თანაც   ინტერნეტ რეკლამა სტატისტიკის მეშვეობით წარმოებული სარეკლამო კამპანიის ეფექტურობის სურათის მიღების საშუალებასაც იძლევა. სარეკლამო კამპანიის ეს სახეობა სრულ ინტერაქტიურობას გულისხმობს და მისი ფორმები გაცილებით მრავალფეროვანია",-აღნიშნავს მამუკა მონავარდისაშვილი. ITDC-ის გენერალურ დირექტორს ამის დამადასტურებლად კომპანიის ერთ-ერთი პროექტი myvideo.ge მოჰყავს და დასძენს, რომ დღეის მდგომარეობით საიტზე ატვირთულია 54500-ზე მეტი ვიდეო, რომელიც 10000- მდე მომხმარებლის მიერაა განთავსებული. დღეში საშუალოდ სისტემაში  200 ახალი ვიდეორგოლი თავსდება. საშუალოდ ყოველდღიურად საიტზე 12 000 მდე მომხმარებელი შედის და დღეში 20 ვიდეორგოლს უყურებს. აქედან გამომდინარე, თვის განმავლობაში 6 მილიონამდე სარეკლამო ვიდეორგოლის ჩვენება ხდება. "საქართველოში ერთი-ორი რეიტინგული ტელეკომპანიის გარდა ნამდვილად არ არის ასეთი სიმძლავრის სარეკლამო საშუალება,"-აღნიშნავს მამუკა მონავარდისაშვილი.
დიდი სიმძლავრის მიუხედავად, ქართული კომპანიები ონლაინ რეკლამის მიმართ არცთუ განსაკუთრებულ დაინტერესებას გამოხატავენ და სარეკლამო კამპანიის დაგეგმვისას მას დიდ მნიშვნელობას არ  ანიჭებენ. საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი პოპულარული სარეკლამო კომპანია "სარკე კონსალტინგის" მედია დაგეგმარების განყოფილების უფროსის თეონა კილაძის თქმით, ონლაინ რეკლამა დამკვეთების მხრიდან ხშირ შემთხვავეში ყურადღებას არ იმსახურებს და სარეკლამო კამპანიის არცთუ პოპულარულ სახეობას მიეკუთვნება. საინტერესოა, მოაქვს თუ არა რეალური შედეგი კომპანიებისთვის ონლაინ რეკლამას? შედეგის გაზომვა დღესდღეობით საქართველოში ძალიან დაბალ დონეზე ხდება, თუმცა ონლიან რეკლამის ეფექტურობას არაერთგვაროვნად აფასებენ თავად კომპანიები. ზოგიერთი ამას მხოლოდ იმიჯისთვის აკეთებს, ზოგიერთი კი კონკრეტულ მოგებასაც იღებს. ის ფირმები, რომლებმაც  ონლაინ რეკლამის უპირატესობებს ალღო სწრაფად აუღეს, ინტერნეტში რეკლამის განთავსებას ინტერნსიურად ახორციელებენ. ერთ-ერთი მათგანია ფარმაცევტული კომპანია "ავერსი",  რომელიც რეკლამის ინტერნეტში განთავსებას საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობს. კომპანიის მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ კონკრეტული ბრენდების რეკლამაზე გამოხმაურება რეიტინგული საიტებიდან საკმაოდ დიდია, თუმცაღა აქვე დასძენენ, რომ შედეგი სატელევიზიო რეკლამისას ჯერჯერობით ვერ შეედრება. ონლაინ რეკლამის დანარჩენ სახეებთან შედარებით, არაკონკურენტუნარიანობაზე საუბრობენ სხვა კომპანიებშიც. ჯი-პი-აი-ს მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ ინტერნეტ რეკლამას მათი კომპანიისთვის  კარგი შედეგი მოაქვს, თუმცა ეფექტურობის თვალსაზრისით ჯერჯერობით ძალიან შორსაა სატელევიზიო რეკლამისგან. ზურაბ ჩიხლაძე, რომელიც  ჯი-პი-აი-ს ონლაინ რეკლამას  კურირებს, აღნიშნავს, რომ ორ-სამ წელიწადში სარეკლამო სივრცეში იგი უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს. "ინტერნეტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი. ონლაინ რეკლამას თავისი მომხმარებელი ჰყავს და მომავალი წლიდან ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. საქართველოში უკვე დაისვა ინტერნეტის გაუმჯობესების საკითხი, რაც გაზრდის მომხმარებელსაც. ჩვენი გადმოსახედიდან ინტერნეტ რეკლამა ძალიან ეფექტიანი საშუალებაა და კომპანიები, რომლებიც  კარგად ათვითცნობიერებენ ამ გარემოებას, მას თავის სასარგებლოდ ეფექტურად იყენებენ,-დასძენს ზურაბ ჩიხლაძე. განსხვავებული აზრი აქვთ თი-ბი-სი ბანკში. ბანკის მარკეტინგის განყოფილების მენეჯერი თამარ რამიშვილი თვლის, რომ  რეკლამას  ინტერნეტში  დამკვეთისთვის მხოლოდ მცირე შედეგი მოაქვს და ამის მიზეზად საქართველოში ინტერნეტ მომხმარებლების შედარებით მცირე რაოდენობას ასახელებს. ონლაინ რეკლამით დაინტერესება  ფარმაცევტული კომპანია PSP-ში ბოლო პერიოდში  გაიზარდა. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა ლომთაძე აღნიშნავს, რომ ინტერნეტ მომხმარებლის რაოდენობის ზრდასთან  ერთად, რეკლამის ამ სახეობის ეფექტურობაც იზრდება და მიუხედავად იმისა, რომ  დარგი დღესდღეობით განვითარების პირველ ეტაპებზეა, ეს ტემპი სწრაფად მზარდია. სხვათაშორის, ონლიან რეკლამის განვითარების მაღალ ტემპებზე საუბრობენ ონლაინ რეკლამის განმთავსებლებიც. Web Art Studio-ს და www.auto.ge -ის ხელმძღვანელი ზაზა ძაძამია ინტერნეტ რეკლამის განვითარების პერსპექტივებს  მის  ნაკლებ საფასურსა და რიგ შემთხვევებში მეტ ეფექტიანობას უკავშირებს. ზაზა ძაძამია თვლის, რომ ონლაინ რეკლამის უპირატესობის მარტივი ლოგიკა გამოცდილმა ორგანიზაციებმა, რომელთაც შესაბამისი კვლევების ჩატარების საშუალება აქვთ, დიდი ხანია აითვისეს და ეს არის მიზეზი იმისა, რომ მათ საიტზე ყველა სარეკლამო ადგილი მთელი წლის ვადით პრაქტიკულად, უკვე დაკავებულია. ონლაინ რეკლამის უპირატესობებს ზაზა ძაძამია მარტივი მაგალითით ადასტურებს: "ავტომობილის დაზღვევის რეკლამას თუ ტელევიზიით გავუშვებთ, 50 000 ადამიანი ნახავს. ამათგან ავტომობილი დავუშვათ 10000-ს ჰყავს. ამ ადამიანთა შორის ავტომანქანა სავარაუდოდ, ბევრს უკვე დიდი ხანია ჰყავს და დაზღვევა მათთვის აქტუალური მაინც და მაინც არ არის, ავტომობილის ყიდვას კი დაახლოებით 3000 ადამიანი აპირებს და  დაზღვევაზე საუბარს აზრი მხოლოდ მათთან აქვს. ანუ გამოდის, რომ რეკლამაში გადახდილია დიდი საფასური მხოლოდ იმიტომ, რომ  ეს რეკლამა ენახა 50000-ს ადამიანს, მაგრამ ეფექტი მოეხდინა  3000-ზე. ამ დროს  ადვილად შესაძლებელია ეს რეკლამა დადებულიყო საიტზე www.auto.ge  რომელსაც ყოველ დღე  3500  უნიკალური მნახველი ჰყავს და თანაც ყველა მათგანი დაინტერესებულია ახალი მანქანის შეძენით. ამასთან, ეს რეკლამა 24 საათის განმავლობაში მუშაობს და არა რამდენიმე წამით, როგორც ეს ტელევიზიაშია. პრაქტიკულად იგივე სარეკლამო ეფექტის მიღება შესაძლებელია უფრო დაბალი დანახარჯებით",-აღნიშნავს ზაზა ძაძამია. ეფექტურობის მიუხედავად, რატომ არ არის ონლაინ რეკლამა  სათანადოდ პოპულარული საქართველოში და რატომ არ ხდება მისი პოტენციალის სრულად გამოყენება?  "ინფო-თბილისი  ჯგუფის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ირაკლი ნასყიდაშვილი მიზეზად ამ სფეროში ცოდნის დაბალ დონეს ასახელებს: "ზოგს ონლაინ რეკლამა რომელიმე პოპულარულ საიტზე ბანერის განთავსება ჰგონია, მაშინ როცა ამ ბანერიდან კომპანიის ვებ-გვერდზე გადასული მომხმარებელი არაადეკვატურ და მოძველებულ ინფორმაციას იღებს. ამ შემთხვევაში ონლაინ რეკლამაში დახარჯული ფული ფუჭია, არადა მას სარეკლამო ბაზარზე თავისი მომხმარებელი ნამდვილად ჰყავს: როგორც წესი, ოფისში საქმიანობით დაკავებული ადამიანისთვის ინფორმაციის მიღების ძირითადი წყარო  ინტერნეტია, ამიტომ ამ კატეგორიაზე გათვლილი რეკლამის განთავსება ინტერნეტ სივრცეშია უფრო უპრიანი, რომ აღარაფერი ვთქვათ ონლაინ რეკლამის სხვა უპირატესობებზე: გაცილებით დაბალი ფასი, ინტერაქტიურობა, მსოფლიო მასშტაბზე გასვლის შესაძლებლობა და ა.შ",- აღნიშნავს ირაკლი ნასყიდაშვილი.
ქართულ სარეკლამო ბაზარზე ინლაინ რეკლამის განვითარების ტემპი რომ მზარდია, ამაზე ყველა თანხმდება -რეკლამის განმთავსებელიც და დამკვეთიც. "ინფო-თბილისი ჯგუფში" საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ  თუ  ერთი წლის წინ პოტენციური კლიენტების მიზიდვით აქტიურად იყვნენ დაკავებულები, ამჟამად მათ რეკლამის დამკვეთები ხშირ შემთხვევებში თავად უკავშირდებიან. ონლაინ რეკლამის განვითარების პერსპექტივაში დარწმუნებულია   ITDC-ის გენერალური დირექტორიც: "ეჭვს არ იწვევს ის, რომ სულ მალე ინტერნეტი ყველაზე მძლავრ მედია სარეკლამო გარემოდ ჩამოყალიბდება და სატელევიზიო რეკლამას სერიოზულ კონკურენციას გაუწევს",-აღნიშნავს მამუკა მონავარდისაშვილი და ონლიაინ რეკლამის განვითარების დამატებით ბიძგად ელექტრონული კომერციის განვითარებას მიიჩნევს. სარეკლამო კომპანია "სარკე კონსულტინგის" მედია დაგეგმარების სამსახურის უფროსი თეონა კილაძე ვარაუდობს, რომ ამჟამად მას სარეკლამო ბაზრის მხოლოდ 2-3% უკავია,  შედარებისთვის უცხოურ სტატისტიკას მოვიყვანთ: 2007 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, აშშ-ში ონალინ რეკლამიდან მიღებული შემოსავალი  გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და ჯამში 5,2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სხვათაშორის, ანალიტიკოსთა პროგნოზით, ამერიკაში წელს ონლაინ-რეკლამიდან მიღებული შემოსავალი პირველად გადააჭარბებს რადიოში განთავსებული რეკლამიდან მიღებულ შემოსავალს, ევროპულ ბაზარზე კი 2012 წლისთვის ონლიან რეკლამის მოცულობა 16 მილიარდ ევროს მიაღწევს, ხოლო კომპანია ZenithOptimedia-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ონლაინ რეკლამის გლობალური ბაზრის მოცულობა 2007 წელს გასულ წელთან შედარებით 29,9%-ითაა გაზრდილი.

No comments:

Post a Comment