რეკლამა ინფორმაციის ნაცვლად

თითქმის ორი კვირაა რაც სამარშუტო ტაქსის მძღოლებს რადიო გაუთიშეს. “თბილისის მიკროავტობუსის” ოფიციალური განცხადებით, სამარშუტო ტაქსებში გამოყენებული რადიო საშუალებები ხმოვანი სარეკლამო რგოლის ეკრანზე განთავსებას ხელს უშლიდა. თუმცა მონიტორი, სადაც ხმოვანი რეკლამა უნდა განთავსდეს სამარშუტო ტაქსებში დამონტაჟებული არ არის.

ერთ-ერთი მძღოლის თქმით, თბილისში მხოლოდ რამდენიმე სამარშუტო ტაქსი დადის, რომელსაც ასეთი ეკრანი აქვს, მაგრამ რადიო ყველას გაუთიშეს.
“რა ვიცი, აბა, რა ვთქვა, ხოm ხედავ ამ მარშუტკაში არ არის არანაირი ეკრანი, მაგრამ რადიო მაინც არ მაქვს. აპირებენ ალბათ იმ ეკრანის გაკეთებას, მაგრამ წინასწარ რატომ გათიშეს რადიო, არ ვიცი.”
“ლიბერალთან” საუბარში "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მონიტორების დამონტაჟება ეტაპობრივად მიმდინარეობს, რადიოებიც ეტაპობრივად ითიშება.
“რა მნიშვნელობა აქვს, როდის მოხდებოდა ეს, მაინც საბოლოოდ უნდა გათიშულიყო რადიო, როცა ეკრანები დამონტაჟდებოდა.  ტექნიკური პროცესია, რომელსაც დრო სჭირდება”.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს მძღოლების ნაწილს რადიო გათიშული დახვდათ. ამ მოვლენას კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათი განცხადებით, რადიოს გათიშვა ინფორმაციის მიღების შეზღუდვაა.
“ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის ნათია კაპანაძის თქმით, ეს შეზღუდვა წინააღმდეგობაში მოდის იმ აქცენტებთან, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების მიერ კეთდება. მისივე თქმით, ინფორმაციის შეუზღუდავი მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით წინაარჩევნო პერიოდში.
“მოთხოვნაა, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ყველგან. რადიოები ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო სამარშუტო ტაქსებში, მიუხედავად იმისა, რომ ის კერძო კომპანიას ეკუთვნის. ისინი მნიშვნელოვან საჯარო ფუნქციას ასრულებენ და ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნები გასათვალისწინებელია.

No comments:

Post a Comment